მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით გამოწვეული დაავადება ბავშვების უმრავლესობაში უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე მოზრდილებში, უსიმპტომო მიმდინარეობის შემთხვევაშიც კი პატარას ორგანიზმში შეუძლია გამოიწვიოს გარკვეული ცვლილებები და გართულებები, სიმპტომების ნაწილი შესაძლოა დარჩეს 3 თვე და მეტი, რასაც პოსტკოვიდი ანუ გახანგრძლივებული COVID-ი ეწოდება.
ყველაზე იშვიათ და ,,საშიშ’’ გართულებად შეიძლება ჩაითვალოს მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ბავშვებში (MIS-C) – იშვიათი სისტემური დაავადება, რომელიც მიმდინარეობს გახანგრძლივებული ცხელებით და მძიმე ანთებითი პროცესით, რაც მოჰყვება SARS-CoV-2 ვირუსით ინფიცირებას. ანთებითმა პროცესმა შეიძლება დააზიანოს სხვადასხვა ორგანოები – გული, ფილტვები, თირკმელები, ტვინი, კანი, თვალები, მუცლის ღრუს ორგანოები და ენდოკრინული სისტემა. კლინიკურად ვლინდება – გახანგრძლივებული მაღალი ტემპერატურით, მუცლის ტკივილით, ღებინება, დიარეა, კანზე გამონაყარი, თვალების სიწითლე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, აჩქარებული გულისცემა, ადვილად დაღლა, უძილობა, უმადობა, წონის კლება, სურდო, ხველა, ჰაერის უკმარისობა, ყელის ტკივილი, კუნთების და სახსრების ტკივილი, დაბალი არტერიული წნევა.
ყველა ბავშვს და მოზარდს, რომლებსაც დაუსვეს COVID-19-ის დიაგნოზი, უნდა ჩაუტარდეს მინიმუმ ერთი პედიატრის კონსულტაცია. COVID-19-ის შემდეგ მეორადი გართულებების ფართო სპექტრის გამო აუცილებელია ნარჩენი სიმპტომების კონტროლი, ლაბორატორიული კვლევები, ახალი სიმპტომების განვითარების შესწავლა და აღმოფხვრა.
ასევე, არ დაივიწყოთ კორონავირუსის შემდეგ ბავშვების ზოგადი რეაბილიტაცია მაშინაც კი, თუ ბავშვს ჰქონდა მსუბუქი კოვიდინფექცია: საკმარისი ძილი, სწორი, ჯანსაღი და დაბალანსებული კვება, დღის რეჟიმის დაცვა და დასვენება, ფიზიკური აქტივობა (აუზი, ფიზიოთერაპიული ვარჯიშები, მასაჟები), კურორტოთერაპია (მშრალი მაღალმთიანი ჰავა).
დამატებითი კითხვების შემთხვევაში ან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე +995598244400 ან დაგვიტოვეთ შეტყობინება ვებგვერდზე, ჩვენ გიპასუხებთ. ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენ და თქვენს პატარას.
შპს ,,იმერმედის’’ პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პედიატრი თათია სალდაძე